2014 წლის მაის–ივნისში, შუაფხოს საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი „ მოგზაურობა „ისტორიულ საქართველოში“. პროექტში მონაწლეობდნენ  VI-IX კლასის მოსწავლეები. ამ ასაკში მოსწავლეები უკვე ფლობენ ძირითად ინფორმაციას მშობლიური ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ, თუმცა , მნიშვნელოვანია არა მარტო თეორიული ცოდნის შეძენა, არამედ კულტურული ღირსშესანიშნაობების უშუალოდ გაცნობა. შუაფხო მაღალმთიანი სოფელია, ცენტრალური რეგიონებიდან  დაშორებული და ამდაგვარი ღონისძიებების განხორციელება სირთულეებთან არის დაკავშირებული.
პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიგეგმა ; მოძიებულ იქნა დაფინანსების წყაროები, შედგენილ იქნა მოგზაურობის მარშრუტები, რა თქმა უნდა პრაქტიკული შესაძლებლობებიდან გამომდინარე; გადაწყდა შიდა ქართლისა დაქვემო ქართლის იტორიული ძეგლების მონახულება. მოსწავლეებს წინდაწინ უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია ამ ღირსშესანიშნაობათა შესახებ, რათა მოგვიანებით თავად გაეწიათ ექსკურსიამძღოლობა. 
საორგანიზაციო საქმეებში ჩაერთნენ პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" პედაგოგები: ვალიდა ბაგაური, იზაბელა კუსიანი, თეა გაბრიაძე, ნესტან ხორხომელიძე. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, ინტერნეტიდან , ლიტერატურიდან და ა. შ.  მაისის ბოლოსა და ივნისის შუა რიცხვებში,  დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად ორი ექსკურსია განხორციელდა. მეგზურობა თავად მოსწავლეებმა გასწიეს: შიომღვიმეში ექსკურსიამძღოლი სოსო ჯაბანიშვილი იყო, სამთავროს მონასტერში– ბარბარა ჯაბანიშვილი, სვეტიცხოველში–ანა გულბათიშვილი, ჯვრის ტაძარზე– გია გულბათიშვილი, ზედაზენზე –სოფო მიქელაშვილი, ბოლნისის სიონში –გიორგი ელიზბარაშვილი, წუღრუღაშენში კი –ანა გულბათიშვილი და ავთანდილ მთვარელაშვილი.
დასკვნით ღონისძიებაზე,პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად შეაჯამეს პროექტის შედეგები, წარმოდგენილ იქნა მათი თანამონაწილეობით შექმნილი პრეზენტაცია PowerPoint-ში. ბავშვებმა განიხილეს მათ მიერ მონახულებული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლების არქიტექტურული ტიპები (ბაზილიკა, ჯვრის ტიპი, ჯვარგუმბათოვანი) და დაახარისხეს შესაბამისი მახასიათებლების მიხედვით.  ბოლოს მოსწავლეებმა წერილობით ჩამოაყალიბეს თავიანთი სურვილები და შთაბეჭდილებანი.

ბავშვებმა მოიწონეს ღონისძიება და  გამოთქვეს პროექტის გაგრძელების  სურვილი, ისინი, სწავლის  განახლების შემდეგ, ამ მიმართულებით ახალ საინტერესო, აქტივობებს დაგეგმავენ.

დავით ჩივაძე
პროექტის ხელმძღვანელი

Комментариев нет:

Отправить комментарий